იდენტობაზე

by I.R.A

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან. იციან ვინ არიან. რა დანიშნულება აქვთ. იციან რამდენი უნდა იყოს ავტობუსის გაჩერებებს შორის მანძლი, ვის აქვს უფლება იყოს მათხოვარი, ვინაა ვალდებული იმუშაოს და ვინ უნდა ჩაჯდეს ციხეში. საერთოდ ამ ადამიანებმა იციან ვინ რისი ღირსია. ვინ რას იმსახურებს და ვის რა ღვაწლი აქვს. ვინ არის პატიოსანი და ვინ არა. ესეთი ადამიანები უმრავლესობაა. უმუშევრები, მაღალჩინოსნები, ბაზრის გამყიდვლები, დამლაგებლები ტაქსის მძღოლები. ყველამ ყველაფერი იცის. ესნი აწყობენ დემონსტრაციებს, ატარებენ რეფორმებს. მცირეკალიბრიანი ესეთები კი შემოიფარგლებიან ლოკალური აუდიტორიით და სამეგობრო თუ სანათესაო წრეში თამამად და ყოველგვარი ორჭოფის გარეშე გამოთქვამენ თავიანთ კომპეტენტურ აზრს სამართალსა თუ ჭეშმარიტებაზე, გემოვნებაზე და სხვა საკითხებზე. ლიდერი ყოველთვის მართალიაო ამბობენ სხვა ლიდერები და იმ ადამიანებისთვის ვინც არაფერი არ იცის გამოდის რომ ყველა მართალია. ყველა განურჩევლად. ორივე დიქტორი, რომელიც სხვადასხვა ამინდის პროგნოზს აცხადებს. ესნი იმასაც ამბობენ რომ განათლება ანათლებსო და ინდივიდად ჩამოყალიბებას უწყობს ხელსო. ჩემს მეზობელ რიმასაც დაუნიშნეს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ილია იყო მართალი და ალექსანდრე დიდი. სწავლის დასრულების შემდეგ, დადგენილი სასწავლო მიზნის მიხედვით, რიმას გადაწყეტით უნდა ცოდნოდა ვინ აერჩია ქვეყნის მმართველად და მონათმფლობელობა ჯობია თუ დემოკრატია. რიმას არ გაუმართლა და ისე დაამთავრა 12 კლასი, რომ ბოლომდე გულწრფელად ფეხებზე ეკიდა სამშობლოც. რელიგიაც, მათემატიკაც, პოლიტიკაც, და ადამიანებიც. რიმა კაცობრიობის უდიდეს შენაძენს –საკუთრი თავის სიყვარულის ნიჭსაც მოკლებული იყო ამიტომაც ნაკლებად ადარდებდა რას იფიქრებდნენ მასზე პატივცემული პედაგოგები. ყველას უღიმოდა და არ ბერდებოდა. თუმცა ბებერი ღვაწლმოსილი პედაგოგები წლიდან წლამდე იმეორებდნენ რომ რიმა არ გამოდგდა. და არავის არ მოსვლია თავში აზრად ის, რომ რიმასთვის ვინმეს ოდესმე ეთქვა რომ ამ ცოტნე დადიანს ან ესვა ის თაფლი ოდესმე ან არ ესვა საერთოდ და ეს ამბავი არავინ იცის დანამდვილებით. და იქნებ ერთ მშვენიერ ღამეს რიმაც დაფიქრებულიყო ამ ამბავზე ან დასიზმრებოდა ცოტნე დადიანი თაფლით ან უთაფლოდ ან იქნებ არც დაფიქრებულიყო და არც დასიზმრებოდა.