შარმდენი
by I.R.A
შარმდენზე მივდივართ ოთხნი. გვიანაა უკვე გათენებას იწყებს. გამოფხიზლების ზღვარზე ვართ და ილუზია, რომ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ სიბნელესთან ერთად ნელნელა ქრება. ერთი სული გვაქვს მივიდეთ სახლში, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი და ყურებში გუგუნით გავაცილოთ კიდევ ერთი ლამაზი დღე.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ, როგორც ყოველთვის- შაბათს ასე 11 საათისთვის შევიკრიბეთ სტანდარტული ნაკრები: ტრაკგამოფხაული ყრუ თენგო, ქვრივი ანა, განათხოვარი თქვენი მონა მორჩილი და გათხოვილი ნანუკა. თენგო თავისი სპორტული მანქანით, რომელშიც არავინ არ ეტევა. ჩვენ კი სტანდარტული გამოსასვლელი აღჭურვილობით და გულში აგიზგიზებული ცეცხლით მივადექით შარდენის მისადგომებს.
პირველად, როგორც ყველა ნაღდ თბილისელს ეკადრება პატივი მივაგეთ ჰეიდარ ალიევს თბილისის შექმნის სათავეებთან. იქ, სადაც დასრულდა მოხარშული ხოხბის ისტორია და დაიწყო ახალი ქართული ოცნება: 10A. აქ ყველაფერი ძალიან სტატიკური და სვეცკია. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს vanity fair-ის after party-ს after party-ზე ვართ თუმცა გოგირდის აბანოდან ამოსული ლაყე კვერცხის სუნი შარავანდედად გვეფინება თავზე და შიგადაშიგ ყურში გვხვდება მეტროდან ამოსული ხალხის ყმუილი. ყველა საუბრობს, ცდილობს გადავიდეს სტატიკური მდგომარეობიდან დინამიურში. ზოგიც მუსიკალური ექსტაზის დროს კონვულსიურად იქნევს სხეულის ცალკეულ ნაწილებს, თუმცა სინამდვილეში ვერავინ ერთობა. „ალბათ ზედმეტად სვეცკობის ბრალია“ -ვფიქრობ მე, „სვეცკი რო გახდები ყველაფერს აქცევ ყურადღებას და ისე ვერ ეშვები ბოლომდე როგორც ადრე“. ნახევარი საათის შემდეგ, ჩვენს შორის ქვრივმა, დაიწყო ფიქრი ცხოვრების ამაოებაზე და ჩვენც ავდექით და გადახალისების მიზნით გადავინაცვლეთ Bamba Rooms-ში. აქ უკვე თითქმის ერთი წელია ოზურგეთელი აფრო-ამერიკელი მონოტონურად ლაპარაკობს, პირდაპირი მნიშვნელობით- მიკროფონში. ვზივარ და ვფიქრობ- რატომ არ შეიძლება იგივე წარმატებით ილაპარაკოს შალვა ნათელშვილმა? დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო გაახალისდება აქ შეკრებილი საზოგდოებას და ბევრად უფრო მეტ რამესაც გვეტყოდა. მითუმეტეს რომ ოზურგეთის გეტოში მცხოვრები აფრო-ამერიკელების ცხოვრების ისტორია „ამბად თქმული“ არავის აინტერესებს. მოგვბეზრდა, და ისევ გადახალისების მიზნით, გადავინაცვლეთ „ველურ სეიფში“. იქ ყველაფერი უფრო მარტივად იყო: გოგოები უფრო გოიმურად ჩაცმულები, კაცები უფრო ოფლიანები. მუსიკაც აუდიტორიის შესაბამისი. „რატომაა ეს დიჯეი დიჯეი? რატომ აქვს გახარებული სახე მეათასეჯერ როცა უკრავს დარემიქსებულ ჯექსონს? თავის ანეკდოტებზე თვითონ რომ ხარხარებენ ისეთ ტიპს მაგონებს. რატომ არ შეიძლება იგივე წარმატებით დიჯეი იყოს მზარეული მანუელი?- ხინკალს მაინც გააკეთებდა“- ვფიქრობ მე. „თან აქ ვინცაა ყველას ხინკალი ბევრად უფრო გაუსწორდებოდა ვიდრე მოხიტოში ჩამბალი პიტნა“. წასვლის დროა, ხინკალზე ფიქრს რომ დაიწყებ, იმის ნიშანია რომ სახლში უნდა წახვიდე და დაიძინო! – ავდექით და წამოვედით დაღლილები, მშივრები. გვიანაა უკვე გათენებას იწყებს. გამოფხიზლების ზღვარზე ვართ და ილუზია, რომ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ სიბნელესთან ერთად ნელნელა ქრება.თუმცა ყოველთვის შაბათს ყრუს, ქვრივს, განათხოვარს და გათხოვილს თბილისში შარმდენი გვაერთიანებს.