Skip to content
18/12/2011 / I.R.A

3

ეს კაცი არაფერს ნიშნვდა ჩემთვის. მხოლოდ ხველა მესმოდა ყოველ ღამე კედლის იქით. დილაობით კი მისი ოთახის ფანჯრა ღია იყო– ზამთრშიც კი. არასდროს მინახავს. არ ვიცი რა ერქვა. დღეს დილას დერეფანში ჩემს კარებთან კუბოს სახურავი იდო  კედელზე აყუდებული. ახლა ვწევარ და კედლის იქით სიჩუმეა.

http://25.media.tumblr.com/tumblr_lqiiftAYKx1qc66bjo1_500.gif

16/12/2011 / I.R.A

2

სიკვდილის, დაბადების და ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში მარტოა ადამიანი და ხმის გამცემი მაინც გეყოლება სიბერეში –დაივიწყე. ან შენ მოკვდები უფრო ადრე ან ის ხმის გამცემი. ასე რომ, ჯობია თავიდანვე შეეგუო და შეიყვარო მარტოობა, ჩაიცვა ფანელის ფოხანი და წაიკითხო კაფკა.

http://26.media.tumblr.com/tumblr_lw933psyHL1r3dml0o1_400.gif

28/11/2011 / I.R.A

მკვდრად დაბადებული

–ნეტა  7 თვეში გაჩნდეს ეს ბავშვი დავიღალე ლოდინით

–ნეტა მალე ამოუვა კბილები?

–უფფ,  სიარულს რომ დაიწყებს ცოტას დავისვენებ. ნეტა მალე გაივლის?

–ბაღში 2 წლის უნდა შევიყვანო თორემ ამის ატანა სახლში უკვე აღარ შეიძლება.

–სკოლაში ექსტერნად უნდა შევიყვანო რომ დროზე დაამთავროს და დროზე ჩააბაროს უმაღლესში.

–შვილო მალე მოიყვანე ცოლი – რომ შვილიშვილებს მოვესწროთ!

–დროზე გაჩნდეს ეს ბავშვი  და  დაიწყოს სიარული ცოტას ამოვისუნთქავ.

გვეჩქარება შვილის გაჩენა, რომ მალე გაიზარდოს, წავიდეს ბაღში, მერე სკოლაში, უმაღლესში მოხვდეს მერე ცოლი მოიყვანოს, გათხოვდეს. დროზე გააჩინოს შვილი, რომელიც ასევე დროზე გაიზრდება ბაღი–სკოლა– უმაღლესი–ცოლი–ქმარი– შვილი– სიკვდილი.

03/11/2011 / I.R.A

*

03/11/2011 / I.R.A

ურბანული ინტიმი

ნერვიულად უცახცახელბს ხელები, წარბები. ხან თმას ისწორებს, ხან ფრჩხილებზე იყურება. ნაოჭები ტუჩებთან მოწმობენ მრავალწლიანი ნაძალადევი ღიმილის შესახებ.  მოძრაობები წლების განმავლობაში გაუხეშდა დაიძაბა და დაემსგავსა ჟანგიანი ჭიშკარს.  ქალები დიდ ქალაქებში აკვიატებული მანერების ბუჩქებს გვანან. დაძაბულები,  გამართულები,  წარმატებულები.  წარუმატებლები მაგრამ მაინც გამართულები და ბევრი ნივთით აღჭურვილები. ასდით სუნი –სუნამოს, პომადის, სარეცხის ფხვნილის, ტყავის, შეიძლება ცოტა საჭმლისაც. ფრჩხილები – ბევრი ლაკისგან გადატყავებულ ბორცვებს დაემსგავსა. რამდენ ტოქსინს, მჟავას, მძიმე და საშუალო მეტალს შეიცავს ერთი ქალი?

პირველი თოვლის ჯადოსნური სიჩუმე ჩამოწვა ქალაქში.

ქუსლებმონჯღრეული ჩექმებიანი  ქალები ცდილობენ წონასწორობის შენარჩუნებას თოვლზე.

13/06/2011 / I.R.A

იდენტობაზე

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან. იციან ვინ არიან. რა დანიშნულება აქვთ. იციან რამდენი უნდა იყოს ავტობუსის გაჩერებებს შორის მანძლი, ვის აქვს უფლება იყოს მათხოვარი, ვინაა ვალდებული იმუშაოს და ვინ უნდა ჩაჯდეს ციხეში. საერთოდ ამ ადამიანებმა იციან ვინ რისი ღირსია. ვინ რას იმსახურებს და ვის რა ღვაწლი აქვს. ვინ არის პატიოსანი და ვინ არა. ესეთი ადამიანები უმრავლესობაა. უმუშევრები, მაღალჩინოსნები, ბაზრის გამყიდვლები, დამლაგებლები ტაქსის მძღოლები. ყველამ ყველაფერი იცის. ესნი აწყობენ დემონსტრაციებს, ატარებენ რეფორმებს. მცირეკალიბრიანი ესეთები კი შემოიფარგლებიან ლოკალური აუდიტორიით და სამეგობრო თუ სანათესაო წრეში თამამად და ყოველგვარი ორჭოფის გარეშე გამოთქვამენ თავიანთ კომპეტენტურ აზრს სამართალსა თუ ჭეშმარიტებაზე, გემოვნებაზე და სხვა საკითხებზე. ლიდერი ყოველთვის მართალიაო ამბობენ სხვა ლიდერები და იმ ადამიანებისთვის ვინც არაფერი არ იცის გამოდის რომ ყველა მართალია. ყველა განურჩევლად. ორივე დიქტორი, რომელიც სხვადასხვა ამინდის პროგნოზს აცხადებს. ესნი იმასაც ამბობენ რომ განათლება ანათლებსო და ინდივიდად ჩამოყალიბებას უწყობს ხელსო. ჩემს მეზობელ რიმასაც დაუნიშნეს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ილია იყო მართალი და ალექსანდრე დიდი. სწავლის დასრულების შემდეგ, დადგენილი სასწავლო მიზნის მიხედვით, რიმას გადაწყეტით უნდა ცოდნოდა ვინ აერჩია ქვეყნის მმართველად და მონათმფლობელობა ჯობია თუ დემოკრატია. რიმას არ გაუმართლა და ისე დაამთავრა 12 კლასი, რომ ბოლომდე გულწრფელად ფეხებზე ეკიდა სამშობლოც. რელიგიაც, მათემატიკაც, პოლიტიკაც, და ადამიანებიც. რიმა კაცობრიობის უდიდეს შენაძენს –საკუთრი თავის სიყვარულის ნიჭსაც მოკლებული იყო ამიტომაც ნაკლებად ადარდებდა რას იფიქრებდნენ მასზე პატივცემული პედაგოგები. ყველას უღიმოდა და არ ბერდებოდა. თუმცა ბებერი ღვაწლმოსილი პედაგოგები წლიდან წლამდე იმეორებდნენ რომ რიმა არ გამოდგდა. და არავის არ მოსვლია თავში აზრად ის, რომ რიმასთვის ვინმეს ოდესმე ეთქვა რომ ამ ცოტნე დადიანს ან ესვა ის თაფლი ოდესმე ან არ ესვა საერთოდ და ეს ამბავი არავინ იცის დანამდვილებით. და იქნებ ერთ მშვენიერ ღამეს რიმაც დაფიქრებულიყო ამ ამბავზე ან დასიზმრებოდა ცოტნე დადიანი თაფლით ან უთაფლოდ ან იქნებ არც დაფიქრებულიყო და არც დასიზმრებოდა.

08/06/2011 / I.R.A

შარმდენი

შარმდენზე მივდივართ ოთხნი.   გვიანაა უკვე გათენებას იწყებს.  გამოფხიზლების ზღვარზე ვართ და ილუზია, რომ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ სიბნელესთან ერთად ნელნელა ქრება. ერთი სული გვაქვს მივიდეთ სახლში, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი და ყურებში გუგუნით გავაცილოთ კიდევ ერთი ლამაზი დღე.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ, როგორც ყოველთვის-  შაბათს ასე 11 საათისთვის შევიკრიბეთ სტანდარტული ნაკრები: ტრაკგამოფხაული ყრუ თენგო,  ქვრივი ანა, განათხოვარი თქვენი მონა მორჩილი და გათხოვილი  ნანუკა. თენგო თავისი სპორტული მანქანით, რომელშიც არავინ არ ეტევა. ჩვენ კი სტანდარტული  გამოსასვლელი აღჭურვილობით და გულში აგიზგიზებული ცეცხლით მივადექით შარდენის მისადგომებს.

პირველად,  როგორც ყველა ნაღდ თბილისელს ეკადრება პატივი მივაგეთ ჰეიდარ ალიევს თბილისის შექმნის სათავეებთან. იქ, სადაც დასრულდა მოხარშული ხოხბის ისტორია და დაიწყო ახალი ქართული ოცნება:  10A.  აქ ყველაფერი ძალიან სტატიკური და სვეცკია. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს   vanity fair-ის after party-ს after party-ზე  ვართ  თუმცა   გოგირდის აბანოდან  ამოსული   ლაყე კვერცხის სუნი შარავანდედად გვეფინება თავზე და შიგადაშიგ ყურში გვხვდება  მეტროდან ამოსული ხალხის ყმუილი. ყველა საუბრობს,  ცდილობს გადავიდეს  სტატიკური მდგომარეობიდან დინამიურში.  ზოგიც  მუსიკალური ექსტაზის დროს კონვულსიურად იქნევს სხეულის ცალკეულ ნაწილებს, თუმცა  სინამდვილეში  ვერავინ  ერთობა.   „ალბათ  ზედმეტად სვეცკობის ბრალია“ -ვფიქრობ მე, „სვეცკი რო გახდები  ყველაფერს აქცევ ყურადღებას და ისე ვერ ეშვები ბოლომდე  როგორც   ადრე“.   ნახევარი საათის შემდეგ,  ჩვენს შორის ქვრივმა, დაიწყო ფიქრი ცხოვრების ამაოებაზე და ჩვენც ავდექით და გადახალისების მიზნით გადავინაცვლეთ Bamba Rooms-ში. აქ  უკვე თითქმის ერთი წელია ოზურგეთელი აფრო-ამერიკელი მონოტონურად  ლაპარაკობს, პირდაპირი მნიშვნელობით- მიკროფონში.  ვზივარ და ვფიქრობ- რატომ არ შეიძლება იგივე წარმატებით ილაპარაკოს  შალვა ნათელშვილმა? დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო გაახალისდება აქ შეკრებილი საზოგდოებას და ბევრად უფრო მეტ რამესაც გვეტყოდა. მითუმეტეს რომ ოზურგეთის გეტოში მცხოვრები აფრო-ამერიკელების ცხოვრების ისტორია „ამბად თქმული“  არავის აინტერესებს. მოგვბეზრდა, და ისევ გადახალისების მიზნით, გადავინაცვლეთ „ველურ სეიფში“. იქ ყველაფერი უფრო მარტივად იყო: გოგოები უფრო გოიმურად ჩაცმულები, კაცები უფრო ოფლიანები. მუსიკაც აუდიტორიის შესაბამისი. „რატომაა ეს დიჯეი დიჯეი? რატომ აქვს გახარებული სახე  მეათასეჯერ როცა უკრავს დარემიქსებულ ჯექსონს? თავის ანეკდოტებზე  თვითონ  რომ ხარხარებენ ისეთ ტიპს მაგონებს. რატომ არ შეიძლება იგივე წარმატებით  დიჯეი იყოს მზარეული მანუელი?- ხინკალს მაინც გააკეთებდა“- ვფიქრობ მე. „თან აქ ვინცაა ყველას ხინკალი ბევრად უფრო გაუსწორდებოდა ვიდრე მოხიტოში ჩამბალი პიტნა“. წასვლის დროა, ხინკალზე ფიქრს რომ დაიწყებ, იმის ნიშანია რომ სახლში უნდა წახვიდე და დაიძინო! – ავდექით და წამოვედით  დაღლილები, მშივრები. გვიანაა უკვე გათენებას იწყებს.  გამოფხიზლების ზღვარზე ვართ და ილუზია, რომ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ სიბნელესთან ერთად ნელნელა ქრება.თუმცა ყოველთვის შაბათს ყრუს, ქვრივს, განათხოვარს და გათხოვილს თბილისში შარმდენი გვაერთიანებს.


15/05/2011 / I.R.A

ეს უნდა გამხსენებოდა

ეზო მწვანეა, ხასხასა, მე ძირს ვწევარ უზარმაზარი კაკლის ხის ქვეშ, სიო ქრის და მზე კაკლის ხის ფოთლებიდან ხანდახან ნაზად მასხივებს. არც მცხელა და არც მცივა. ვათვალიერებ ბალახში გიჟებივით მორბენალ მწერებს. ყველაზე მძაფრსიუჯეტიანი ფილმი ჩემთვის ესაა. ბალახების ტყეეებში სადაც მზე თითქმის არ აღწევს ყველა სადღაც მირბის. მხოლოდ ობობა არსაიდან დაეშვა და ზანტად ქანაობს ჩემს თავზე. შორიდან მესმის ბებოს ფუსფუსის ხმა. ხან წყალს ასხამს ერთი ტაშტიდან მეორეში ხან ხვეტავს. ეხლა ტაშტები დაადგა მზეზე, რომ გათბეს და ვიწუწაოთ. აი ესე ვწევარ, ეხლა ღრუბლებს ვათვალიერებ და ვიცი რომ გავიზრდები, ეს მომენტი, ეს ღრუბელი, კაკლის ხის ჩრდილი და ეს ბებო ბევრჯერ გამახსენდება. მერე ვფიქრობ რომ ეხლა რასაც ვფიქრობ ისიც გამახსენდება– მეთქი და ეხლა ხელი რომ გავამოძრავე ეგეც, კიდევ ბებო რომ მეძახის და ყვავილებიანი წინსაფარი რომ უკეთია ისიც გამახსენდება, ეს ჭიანჭველა პურის ნამცეცს რომ მიათრევს ეგეც და კიდევ ისიც, რომ რამე რომ გამახსენდება ხოლმე რომ გავიზრდები ისიც მემახსოვრება რომ ბავშობაში ვიცოდი, რომ ეს უნდა გამხსენებოდა. 

10/05/2011 / I.R.A

ინსტრუქცია სტილის მაძიებელი გაუთხოვარი მსუქნებისთვის

შესავალი და მოტივატორი
ყველაფერი მარტივია
თუ მთელი ცხოვრება მაინც რაღაც როლს თამაშობ, და ეს როლი შენთვითონ ხარ, და თან არ მოგწონს შენი თავი მაშინ აიღე და ითამაშე იმის როლი ვინც მოგწონს!
შენ გგონია შენი თანდაყოლილი თვისებებია, სიკეთე, შური, უპასუხისმგებლობა, ლოთობა და უნიათობა? ყველაფერი შეძენილია. გინდა იყო ამაყი, ლამაზი ლაღი და ფხიზელი? იყავი! ოღონდ იფიქრე ისე, როგორც ფიქრობენ ამაყები, ლამაზები, ლაღები და ფხიზლები. შენ ხარ ის, რაზეც ფიქრობ!. და ხანდახან ისიც რასაც ჭამ. გამარჯობა! მე ვარ მახინჯი, გამოთანყვანებული და ხანდახან ბევრი მწვადი –იტყვით თქვენ და მე გეტყვით რომ არა! თქვენ უბრალოდ ეგრე გგონიათ, იმიტომ რომ გინდათ იყოთ პირში ღორის ბარკალ გაჩხერილი გამოთაყვანებული მახინჯი.
თუ გეზარებათ ფიქრი, ტვინის ჭყლეტა. მოეშვი და მიენდე ინსტრუქციას. მერწმუნე, რომ ნასიამოვნები დარჩები. იგი გაგიძღვება იქ, სადაც შენ თვითონაც შეგეძლო მარტივად მისვლა მაგრამ დაგეზარა.
ნუ შეგეშინდება იმ მშვენიერი დღის, როცა მიხვდები რომ არაფერი არ ხარ- არც კეთილი, არც ბოროტი, არც მუდამ უკმაყოფილო, არც დედა, არც საყვარელი არც მემარჯვენე არც მემარცხენე არც მარჯვე და არც ოსტატი. იფიქრე იმაზე, რომ არც არაფერი ყოფილხარ არასდროს.დასაბამიდან დაუსაბამობამდე შენ ხარ ძვლების და ხორცის კომბინაცია ცოტა სულით. ასე რომ დასაკარგი არაფერი გაქვს, ისღა დაგრჩენია ისიამოვნო მაქსიმალურად, და მაქსიმალურად ცოტა იტანჯო. ამას ბევრი ვერ ხვდება, შენ კი უბრალოდ სხვებზე მეტი ფხა გამოიჩინე და იმის ნაცვლად რომ მთელი ცხოვრება გაგეტარებინა ტანჯვაში და ფიქრში რა ჯობია, სტაფილო თუ კომბოსტო– ინსტრუქციის მიხედვით აირჩიე ტყლაპი და არ შეცდი იმიტომ რომ შენ კონკურენციის გარეთ ხარ. შენ თავიდანვე თქვი ორივე ალტერნატივაზე და ამიტომ თავიდანვე გაიმარჯვე თუმცა ეს გამარჯვებაც არაფერში გჭირდება, რადგან შენ ხარ ალისა საოცრებათა ქვეყანაში. საოცრება საოცრებათა შორის და შენი ქვეყანა ისეთი იქნება როგორც შენ გინდა.
შენს გარშემო გაიშლება უკიდეგანო შესაძლებლობები.
სამყაროს შექმნიდან დღემდე ყველაფრისთვის შეიქმნა პრეცენდენტი. ყველაფერი მომხდარა და შესაბამისად, ყველაფრისთვის არსებობს სტანდარტული ოპტიმალური სამოქმედო გეგმა, რომელიც აგარიდებს ბევრ ფიქრს და ტვინის ჭყლეტვას .  მას შემდეგ რაც შეისწავლი ძირითად პრინციპებს, ყველაფერზე გექნება მარტივი პასუხი. აღარ დაიბნევი, ყოველთვის გეცოდინება რა უნდა ქნა, რაზე როგორი რეაქცია გქონდეს. მთავარია გაიაზრო და შეიგნო ინსტრუქციის ლოგიკა და გამოიყენო პრაქტიკაში სტანდარტული სამოქმედო პროცედურები
დასაწყისისთვის შევარჩიეთ ორი ყველაზე მძიმე სფერო ქალთა ცხოვრების, ესენია: დიეტა ანუ სამურაის გზა (დიეტაზე მჯდომთა ინსტრუქტაჟი) და მტრის ბანაკში ქცევის წესები (შეყვარებულთა ინსტრუქტაჟი. სტანდარტული სიტუაციები და მოქმედების წესები) გაგრძელება იქნება…….

10/05/2011 / I.R.A

ტანგანიკაზე წითელი მზე ჩადის

ტანგანიკაზე წითელი მზე ჩადის, მეთევზეები სახლში ბრუნდებიან. ლობიო ჩავადგი. ხვალ დილისთვის მზად იქნება ნელ ცეცხლზე თუ ვხარშავ მთელი ღამე.

ჩინეთის კედელზე ხოჭო მიხოხავს. მე წიგნების თაროდან მტვერი გადავწმინდე. ლობიო დუღს. ერთი ნახარში წყალი გადავასხი. ტანსაცმილს კარადა გადმოვალაგე და ფერების მიხედვით ვალაგებ პერანგებს.

ბედუინის ქალი იმჰალა  სადილს ამზადებს. მისი ექვსი შვილი თხებს მწყემსავს. ხახვი წვრილად დავჭერი და ზეთიან ტაფაზე მოვთუშე. წიგნები თაროზე სიმეტრიულად გადავალაგე. ჯერ მაღალი, მერე დაბალი.  მერე ვიფიქრე ხვალ ჯობია თემატურად დავალაგებ მეთქი.

კენიაში იმანის ათხოვებენ. ვის მიყვება თვითონ არ იცის. მთელი ღამე ტიროდა. ძნელია იყო მასაის გოგო როცა გათხოვებას გიპირებენ. ტელევიზორი ჩავრთე და გულდასმით ვუყურებ ახალ ამბებს. უცებ გამახსენდა ნაგავი უნდა გადავყარო თორე ბუზები დაესევა. ჩავდივარ ეზოში და ნაგავს ვყრი. ჩემს გარშემო შავი კატები დარბიან და მწუხარედ კნავიან თან თვალებში მიყურებენ, ლობიო გამახსენდა. არ ჩაიხარშოს, წყლის დამატება უნდა.

ზაბრისკი პოინტში 50 გრადუსი სიცხეა, ჩემს ქვაბში 100. წყალი დავამატე. ქვაბი დაწყნარდა, აღარ დუღს. ლობიო ჩაიძირა და გაჩუმდა ცოტახნით.

მთელი ღამე ვზივარ და ვდარაჯობ ლობიოს. ველოდები დილას. დარჯილინგში უამრავი ხალხია შეკრებილი. მზის ამოსვლას ელოდებიან. მზე თითქოს არსაიდან არ ამოდის, უბრალოდ ნისლიდან ნელნელა ჩნდება და წითლდება.

მესმის ბრახუნის ხმა. სახლი ქანაობს. ყვირილი, მანქანის სიგნალიზაციის ხმა.  ლობიოს ქვაბი გადმოვარდა. მეზობლები კიბეებზე ჩარბიან. მე ძირს დავჯექი. ვტირივარ და კედლები იშლება. კარადა გადმოვარდა. ტელევიზორი გაითიშა. ჩემს კარზე ვიღაც აბრახუნებს. ჩემი სახლი ინგრევა.

ვზივარ მადაგასკარზე ბაობაბის ქვეშ ბანანს ვყიდი. ვიღაცამ საქართველოში ლობიო ჩაადგა. ხვალ დილისთვის მზად იქნებაო.

 

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 148 other followers